პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში, ეისითი გლობალმა წარმატებით დაასრულა კვლევითი პროექტი „ანალიტიკური ანგარიში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების (EEPP) შესახებ“. ინიციატივა განხორციელდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში შეფასდა საქართველოში საჯარო შესყიდვების პროცესში ენერგოეფექტურობის პრინციპების გამოყენების არსებული პრაქტიკა და ტენდენციები; გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები და ბარიერები, ასევე, შემუშავდა პრაქტიკული, ქმედითი რეკომენდაციები მწვანე და ენერგოეფექტური შესყიდვების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას 60-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ასევე საჯარო უწყებების შესყიდვების ერთეულების წარმომადგენლები.
შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის გუნდის წევრებმა მონაწილეებს გაუზიარეს ძირითადი მიგნებები და პოლიტიკის რეკომენდაციები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მონაწილეებს მწვანე შესყიდვების საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია.
კვლევა ჩატარდა პროექტის ECO Georgia ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი ეხმარება საქართველოს მდგრადი რეფორმების გატარებაში, რაც გულისხმობს სათბურის აირების ემისიების შემცირებას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და შეშის მოხმარებაზე დამოკიდებულების შემცირების გზით.
ACT Global განაგრძობს საჯარო სექტორის მხარდაჭერას მდგრადი რეფორმების გატარებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში.
![]() |
|
![]() |

