/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT Institute
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • სიახლეები
  • ჩვენი გუნდი
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT Institute
  • ACT კვლევა
ინსაიტები
პროექტები
ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
ACT Logo
Start search
24 აპრილი, 2026

ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე

ავტორი: მაკა ჭითანავა,
ეკონომისტი, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი

შეზღუდული წვდომა ჰიგიენის პროდუქტებზე, ინფორმაციაზე და სათანადო სანიტარულ პირობებზე, ხშირად ფარული პრობლემაა, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. ამ თემის სტიგმატიზაცია კი პრობლემას უფრო ამძიმებს. მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების ხელმისაწვდომობა სულ უფრო მკაფიოდ განიხილება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის საკითხი. ბოლო წლებში პოლიტიკის დისკუსიამ გადაინაცვლა იმ მიმართულებით, რომ აღნიშნული პროდუქტები აღარ განიხილება როგორც ჩვეულებრივი სამომხმარებლო, არამედ როგორც აუცილებელი მოხმარების საქონელი. ამ კონტექსტში საგადასახადო ტვირთი ბევრ ქვეყანაში აღიქმება როგორც არაპირდაპირი დისკრიმინაციის ფორმა.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

საქართველოში მენსტრუალური სიღარიბე წარმოადგენს რეალურ და მრავალგანზომილებიან პრობლემას, რომელიც ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური ფაქტორების ერთობლიობით არის განპირობებული. 2023 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სისტემური სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საკითხების მართვას — არც საგადასახადო, არც სოციალური და არც საგანმანათლებლო დონეზე .

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ფინანსური ხელმისაწვდომობა. ჰიგიენური პროდუქტების ფასების ზრდა და მოსახლეობის ნაწილის ეკონომიკური მოწყვლადობა ქმნის მნიშვნელოვან ბარიერს. ამასთან, მენსტრუალურ პროდუქტებზე არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ღირებულებას საბოლოო მომხმარებლისთვის. განსაკუთრებით მძიმედ ეს პრობლემა აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებზე და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც დამატებით იკვეთება ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემაც.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ცოდნისა და ინფორმაციის დეფიციტი. კვლევის მიხედვით, მონაწილეთა დიდ ნაწილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა მენსტრუალური ჯანმრთელობის შესახებ, ხოლო არსებული ინფორმაციის წყაროები (ძირითადად ინტერნეტი) ხშირად არასაკმარისი ან არასანდოა. ეს მიუთითებს, რომ საქართველოში მენსტრუალური განათლება არ არის ინტეგრირებული ფორმალურად არც სკოლებში და არც სხვა ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

კვლევა ასევე უსვამს ხაზს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს, განსაკუთრებით სტიგმას. მენსტრუაცია საქართველოში კვლავაც დიდწილად ტაბუდადებული თემაა, რაც ზღუდავს საჯარო დისკუსიას და ართულებს პრობლემის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოხვედრას. შედეგად, პრობლემა რჩება კერძო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დონეზე, მაშინ როცა საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტიანი გადაწყვეტა საჭიროებს ინტეგრირებულ საჯარო პოლიტიკას — ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ინსტრუმენტების კომბინაციით.

რა ხდება სხვა ქვეყნებში?

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მენსტრუალური სიღარიბის შემცირების პოლიტიკები თანდათან ყალიბდება სამ ძირითად მიმართულებად, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან კომბინაციაში გამოიყენება.

პირველი მიმართულება არის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სადაც მენსტრუალური პროდუქტები აღიქმება როგორც საბაზისო უფლება. ამ მხრივ ყველაზე პროგრესულ მაგალითად რჩება შოტლანდია (გაერთიანებული სამეფო), რომელმაც 2020 წელს მიიღო შესაბამისი კანონი და 2022 წლიდან უზრუნველყო პროდუქტების უფასო ხელმისაწვდომობა საჯარო სივრცეებში. მსგავსი მიდგომა ეტაპობრივად ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ხშირად განსხვავებული ფორმით. მაგალითად, კატალონიამ 2024 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ აფთიაქების ქსელის მეშვეობით უფასოდ მიიღონ მრავალჯერადი გამოყენების მენსტრუალური პროდუქტები, რაც აერთიანებს როგორც სოციალური, ისე გარემოსდაცვით მიზნებს.

მეორე მიმართულებაა მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, რომელიც ფოკუსირებულია მოწყვლად ჯგუფებზე და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემაზე. საფრანგეთი ამ მიდგომას იყენებს უნივერსიტეტებში, სკოლებსა და სხვა სოციალურ ინსტიტუტებში უფასო პროდუქტების მიწოდებით, ძირითადად სტუდენტებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის. ანალოგიურად, ირლანდია და სხვა ქვეყნები ავითარებენ პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტების ხელმისაწვდომობას სკოლებში და საჯარო დაწესებულებებში. საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის ახალი ზელანდიის მაგალითი, აჩვენებს, რომ ასეთი ინტერვენციები პირდაპირ ამცირებს სკოლიდან გაცდენას და აუმჯობესებს განათლებაზე წვდომას.

მესამე მიმართულებაა ფასის ხელმისაწვდომობა ფისკალური პოლიტიკის გზით. ამ მხრივ ევროპაში ფართოდ გავრცელებულია საგადასახადო რეფორმები. გერმანიამ 2020 წელს შეამცირა დღგ 19%-დან 7%-მდე, საფრანგეთმა — 20%-დან 5.5%-მდე, ხოლო ირლანდია დიდი ხანია ინარჩუნებს ნულოვან განაკვეთს. გაერთიანებული სამეფომ 2021 წლიდან სრულად გააუქმა ე.წ. „tampon tax“, ხოლო ბოლო წლებში ნულოვანი განაკვეთი დანერგეს მალტამ და კვიპროსმაც. აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ევროკავშირის 2022 წლის დღგ დირექტივის ცვლილებამ, რომელმაც წევრ ქვეყნებს მისცა შესაძლებლობა სრულად გააუქმონ გადასახადი ამ კატეგორიაზე.

ამ სამი ძირითადი მოდელის პარალელურად, არსებობს დეცენტრალიზებული მიდგომებიც, როგორიცაა ნიდერლანდების შემთხვევა, სადაც მუნიციპალიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ უფასო პროდუქტების გავრცელებას სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში. ეს მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია იქ, სადაც ცენტრალიზებული პოლიტიკა ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის.

ევროპის მიღმა მსგავსი ტენდენციები გლობალურადაც შეინიშნება: კენია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს გააუქმა დღგ და დანერგა სკოლებში უფასო მიწოდების პროგრამები, ხოლო კანადა (2015) და სამხრეთ აფრიკა (2019) ასევე გადავიდნენ საგადასახადო შეღავათებზე.

საერთო სურათი აჩვენებს, რომ ყველაზე ეფექტური შედეგები მიიღწევა მაშინ, როდესაც ეს ინსტრუმენტები კომბინირებულად გამოიყენება — ფისკალური ხელმისაწვდომობა ამცირებს ფასის ბარიერს, მიზნობრივი პროგრამები ფარავს მოწყვლად ჯგუფებს, ხოლო უნივერსალური მიდგომები უზრუნველყოფს სისტემურ და არადისკრიმინაციულ წვდომას. შედეგად, მენსტრუალური ჰიგიენის პოლიტიკა თანდათან გადადის ვიწრო ფისკალური საკითხიდან უფრო ფართო სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების ჩარჩოში, რაც ეფუძნება მარტივ პრინციპს: მენსტრუაცია არ არის ფუფუნება — ის ბიოლოგიური მოცემულობაა, და სახელმწიფო პოლიტიკა ამ რეალობას უნდა ასახავდეს.

ACT Global-ის მიმდინარე კვლევა მენსტრუალურ სიღარიბეზე

მენსტრუალური სიღარიბის ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირება შეუძლებელია სანდო, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, კომპლექსური კვლევის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საქართველოში სულ უფრო ხშირად ჩნდება საჯარო დისკუსიაში, იგი კვლავაც რჩება შეზღუდულად გაანალიზებულ სფეროდ. სწორედ ამ ხარვეზის შესავსებად, UNFPA საქართველოს მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის (UNJP4GE) ფარგლებში და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ACT Global-თან პარტნიორობით ხორციელდება მენსტრუალური სიღარიბის ანალიტიკური კვლევას საქართველოში, რომელიც აერთიანებს ფისკალურ, სოციალურ და ინსტიტუციურ განზომილებებს. კვლევა დასრულდება 2026 წლის მეორე კვარტალში, ხოლო მისი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

კვლევის ძირითადი მიზანი არის საქართველოში მენსტრუალური სიღარიბის მასშტაბისა და მისი განმაპირობებელი სტრუქტურული ფაქტორების შეფასება მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანალიზის საფუძველზე. კვლევა ფოკუსირდება რამდენიმე კრიტიკულ მიმართულებაზე. პირველ რიგში, კვლევა შეისწავლის მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტების ბაზრისა და ფასების დინამიკას, სამომხმარებლო ინფლაციასთან მის კავშირს და შეაფასებს ამ პროდუქტების ხელმისაწვდომობას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის ბოლო ხუთი წლის მანძილზე. პარალელურად მოხდება მენსტრუალური პროდუქტების ღირებულების სტრუქტურისა და მიწოდების ჯაჭვის ანალიზი და ისეთი ფისკალური ფაქტორის, როგორიცაა დღგ, გავლენა პროდუქტების საბოლოო ფასზე. კვლევის ფარგლებში მოხდება საგადასახადო განაკვეთის ცვლილების შედეგების შესწავლა. კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე ქვეყნის საჯარო და კერძო სკოლებში მენსტრუალური ჰიგიენის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეფასება, რომელიც მოიცავს სკოლებში სამედიცინო კაბინეტისა და პუნქტის ხელმისაწვდომობის, სამედიცინო პერსონალის არსებობის, სკოლის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის შეფასება. დამატებით, კვლევა ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკის შედარებით ანალიზს, შერჩეული ქვეყნების მოდელების შეფასებას საქართველოს კონტექსტში და მათი გადმოტანის პოტენციალის განსაზღვრას.

გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე
ექსპორტი როგორც სტრატეგიული ტრანსფორმაცია
გაიგეთ მეტი arrow 7 აპრილი, 2026
ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე
ახალი პროფესიებისა და უნარების განვითარების მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკაში: ეისითი გლობალი ბალკანეთსა და შუა აზიაში
გაიგეთ მეტი arrow 3 თებერვალი, 2026
ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე
როგორ მოვარგოთ AI მოდელები ბიზნეს სტრატეგიას
გაიგეთ მეტი arrow 10 დეკემბერი, 2025
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
Terms&Conditions Privacy
+995 32 2 422 322
ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, #4, თბილისი, 0179
Terms&Conditions Privacy