პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia”-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, "ეისითი გლობალი" იწყებს ტყის მმართველობის სამომავლო სცენარების შეფასების ინსტრუქციისა და გზამკვლევის შემუშავებას, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება და საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა, რათა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ტყის მართვის უფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში "ეისითი გლობალი" შეიმუშავებს დეტალურ ინსტრუქციას, რომელიც მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ტყის მართვის შესაძლო სამომავლო სცენარების შეფასებაში, რაც მოიცავს ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური შედეგების ანალიზს, აგრეთვე გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში, ასევე, მომზადდება ტყის მართვის ინსტრუმენტების ნაკრები - გზამკვლევი, რომელიც გააერთიანებს ექვს სხვადასხვა ინსტრუმენტს, როგორიცაა: SWOT ანალიზი, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, ინსტიტუციური მოწყობის დიზაინი და სხვ. მარტივ ენაზე დაწერილი, ადვილად გამოსაყენებელი გზამკვლევი ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ არსებული მდგომარეობის ანალიზი, შეაფასონ ალტერნატიული განვითარების სცენარები და მიიღონ ინფორმირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილებები.
ტყის მმართველობის სამომავლო სცენარების შეფასების ინსტრუქცია და გზამკვლევი შემუშავდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების შემცირებას, ტყის მდგრადი მართვის, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების, ტყესთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვების (ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტები და ეკოტურიზმი) განვითარებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაძლიერების გზით, რათა შემცირდეს მოთხოვნა საწვავ ხე-ტყეზე და შესაბამისად, შემცირდეს ტყეზე ზეწოლა და რესურსების არამდგრადი გამოყენება.