თანამედროვე გარემოში არაპროგნოზირებადობა მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის მუდმივი და სისტემური გამოწვევა გახდა. ტექნოლოგიური ცვლილებები, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა და გაუთვალისწინებელი კრიზისები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბაზრების ფორმირებასა და მათი სწრაფად ცვლად დინამიკაზე. შესაბამისად, ლიდერები, რომლებიც ტრადიციულ მენეჯმენტურ მიდგომებს ეყრდნობიან და გრძელვადიან სტრატეგიებზე ფოკუსირდებიან, ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, რადგან არაპროგნოზირებად გარემოში ყველაზე ზუსტი შეფასებებიც კი სწრაფად კარგავს ოპერაციულ და სტრატეგიულ რელევანტურობას. აქიდან გამომდინარე, დღესდღეობით ლიდერის მთავარი გამოწვევაა რამდენად სწრაფად და შედეგიანად რეაგირებს ცვლილებების მიმართ.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ლიდერობის საკითხზე კვლევებმა სრულიად ახალი მიმართულება მიიღო. მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში, სადაც სტანდარტული გეგმები სწრაფად კარგავს აქტუალობას, მკვლევარებმა ახალი მიდგომის ძიებაში გამორჩეულ წყაროს მიაგნეს - ჯაზს. ჯაზის პროფესიონალური პრაქტიკა ეფუძნება სწორად დაბალანსებულ ორ ფუნდამენტს: წინასწარ განსაზღვრულ სტრუქტურასა და იმპროვიზაციის შესაძლებლობას. მუსიკოსები თანხმდებიან მთავარ ჩარჩოებზე - ტონალობა, ტემპი, აკორდული პროგრესია, თუმცა რეალური ღირებულება იქმნება იმ დროს, როცა თითოეული წევრი მყისიერად რეაგირებს კოლექტიური შესრულების ცვლილებებზე. სწორედ ეს უნარი - მოუსმინო, ინტერპრეტაცია მოახდინო და რეალურ დროში იმოქმედო არის ის, რაც თანამედროვე ლიდერებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ.
ჯაზზე დაფუძნებული მიდგომა ორგანიზაციული მართვისთვის ღირებულ მექანიზმს ქმნის, რაც გულისხმობს, მაგალითად, სტრუქტურის შენარჩუნებას, მაგრამ არა მის რიგიდულობას; მოქნილობა ინოვაციისთვის, მაგრამ არა ქაოსი. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს გუნდს იმპროვიზაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში ისე, რომ არ დაიკარგოს საერთო სტრატეგიული მიმართულება. დღეს, როდესაც ბიზნესები ეძებენ გზებს, როგორ უპასუხონ გაუთვალისწინებელ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტიანად, jazz inspired leadership გვთავაზობს მოდელს, სადაც ორგანიზაციული ადაპტურობა ხდება არა რეაქცია, არამედ სისტემური უნარი.
დევიდ ვერასა და მერი კროსანის კვლევები იმპროვიზაციული ლიდერობის შესახებ ადასტურებს, რომ ეს მიდგომა მხოლოდ კრიზისის მართვის მეთოდი არ არის, არამედ კონკურენტული სტრატეგია ცვალებად გარემოში. ავტორებმა დააიდენტიფიცირეს ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომლებიც იმპროვიზაციული ლიდერობის საფუძველს ქმნის: სპონტანურობა, კრეატიულობა, სწავლის ორიენტაცია და ემოციური კომპეტენცია (Vera, Crossan, 2005). ამ კომპეტენციების სინთეზი ქმნის სამუშაო კულტურას, რომელსაც ემი ედმონდსონი „ფსიქოლოგიური უსაფრთხოებას“ უწოდებს. ეს არის გარემო, სადაც თანამშრომლებს არ ეშინიათ ინიციატივის გამოჩენის, იდეების გაზიარების, არსებული შეხედულებების “დაჩელენჯების” და შეცდომების აღიარების. ასეთ გარემოში ინოვაცია აღარ არის შემთხვევითი ან ერთჯერადი მოვლენა ის გარდაიქმნება სისტემურ, გამეორებად უნარად, რომელიც გუნდურ მუშაობას აძლიერებს და ორგანიზაციას უფრო მოქნილს ხდის.
ამ მიდგომის მნიშვნელობა ყველაზე ნათლად მაშინ ჩანს, როცა ორგანიზაციები მოულოდნელ ცვლილებებს პასუხობენ. კრიზისის პირობებში მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული გეგმა საკმარისი არ არის გადამწყვეტია მისი დროული გადახედვა და კორექტირება არსებული ვითარების შესაბამისად. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2020 წელს, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებულმა შეფერხებებმა გლობალური მიწოდების ჯაჭვებში მრავალი კომპანია ოპერაციული პროცესების გადაფასებისა და მოდიფიკაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა. McKinsey-ის კვლევის თანახმად, პანდემიის პირველ თვეებში კომპანიების 73%-მა განიცადა მიწოდების ქსელის შეფერხება, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოქნილი რეაგირების მნიშვნელობა (McKinsey & Company, 2020). გარკვეულმა ორგანიზაციებმა ოპერაციები დროებით შეაჩერა და ბაზრის სტაბილიზაციას დაელოდა, მაშინ როცა სხვებმა რამდენიმე დღეში განახორციელეს პროცესების ოპტიმიზაცია შეცვალეს მომწოდებლები, გადაანაწილეს რესურსები და განსაზღვრეს ახალი, გარემოსთან ადაპტირებული პრიორიტეტები. ამ განსხვავებას განსაზღვრავდა ლიდერობის მიდგომა. სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა იმ ლიდერებმა, რომლებმაც წინასწარ შექმნეს დეცენტრალიზებული მართვის სისტემა, დააწესეს პასუხისმგებლობის განაწილების მექანიზმები და უზრუნველყვეს გუნდების ინიციატივის ხელშეწყობა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იმპროვიზაციული პრინციპების ინტეგრაცია ორგანიზაციულ პრაქტიკაში.
ტრადიციული ლიდერობის მოდელები ხშირად ეფუძნება მკაცრად გაწერილ გეგმებსა და კონტროლის მექანიზმებს. ჯაზით ინსპირირებული მიდგომა კი ამ ჩარჩოს განიხილავს როგორც სტრატეგიულ საწყის წერტილს და არა როგორც უცვლელ სქემას. ფრენკ ბარეტის სიტყვებით, ეს არის „პროვოკაციული კომპეტენცია“ მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც წყვეტს რუტინას და ქმნის შესაძლებლობას ახალი გადაწყვეტილებების დასაგენერირებლად(Barret, 2012). მეორე მხრივ, სტრუქტურის გარეშე იმპროვიზაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს არაკოორდინირებულ ქმედებებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ხდება „მინიმალური სტრუქტურების“ კონცეფცია (Kamoche, Kunha, 2001). ჯაზში მუსიკოსები შესრულებამდე შეთანხმდებიან ძირითად ჩარჩოებზე; ანალოგიურად, ბიზნესში ლიდერები წინასწარ განსაზღვრავენ სტრატეგიულ საზღვრებს ბიუჯეტს, რეგულაციებსა და ძირითად მიზნებს, რის შემდეგაც გუნდს ანიჭებენ მოქმედების თავისუფლებას. სტრუქტურა უზრუნველყოფს მიმართულებას, მოქნილობა კი ქმნის ადაპტაციის შესაძლებლობას.
ჯაზით ინსპირებული ლიდერშიფი არ შემოიფარგლება მხოლოდ სწრაფი რეაგირების უნარით, ის გულისხმობს ნდობის კულტურას. დანიელ გოლმენის ემოციური ინტელექტის კვლევების მიხედვით, ლიდერები, რომლებიც ავლენენ ემპათიას, თვითშეცნობასა და ურთიერთობების მართვის უნარს, უკეთ ინარჩუნებენ გუნდურ კოორდინაციას სტრესულ პირობებში. ჯაზში შეცდომა განიხილება, როგორც პროცესის ნაწილი და არა როგორც საბოლოო წარუმატებლობა. მსგავსი მიდგომა ორგანიზაციაშიც წარუმატებლობას აქცევს გაუმჯობესებისა და სწავლების შესაძლებლობად. იმპროვიზაციული ლიდერობა ეფექტიანია არა მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში, არამედ ეს არის უნარი, რომელიც ვითარდება მუდმივი პრაქტიკით და ორგანიზაციული კულტურით. ისევე როგორც მუსიკოსები რეგულარულად ვარჯიშობენ, კომპანიებმაც საჭიროა განავითარონ ადაპტაციის შესაძლებლობა მანამდე, სანამ ცვლილების საჭიროება დადგება. ამისათვის მნიშვნელოვანია მართვის დონეების გამარტივება, ინიციატივის წახალისება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს აზრთა გაცვლას და განსხვავებული ხედვების განხილვას.
ჯაზით ინსპირირებული ლიდერობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ცვლილება განიხილება როგორც რესურსი და არა მხოლოდ როგორც რისკი. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას შეინარჩუნოს სტრატეგიული მიმართულება, პარალელურად კი სწრაფად მოერგოს ახალ გარემოებებს. თანამედროვე არასტაბილურ გარემოში კონკურენტულ უპირატესობას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც ინარჩუნებენ მკაფიო ხედვას და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან მის განხორციელების გზებს. ჯაზით ინსპირირებული ლიდერშიფი ქმნის ბალანსს სტრუქტურასა და ადაპტაციას შორის ორგანიზაციაში.
References:
Barret, F.J. (2012). Yes To The Mess: Surprising Leadership Lessons From Jazz. Harvard Business Press, 24-256.
Kamoche, K., Cunha M.P.e. (2001). Minimal Structures: From Jazz Improvisation To Product Innovation. Organization Studies, 22(5), 733–764.
https://doi.org/10.1177/0170840601225001
Vera, D., & Crossan, M. (2005). Improvisation and Innovative Performance in Teams. Organizational Science, 16(3), 203-224.
Mckinsey, (2020). “Companies need an understanding of their exposure, vulnerabilities, and potential losses to inform resilience strategies”. Last retrieved: 15.08.2025