რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება იმის ანალიზი, თუ რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში მოსახლეობის ადეკვატური რაოდენობით სურსათით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია არსებული აგრო სასურსათო პროდუქტის რესურსული პოტენციალის ათვისება, მისი ეფექტიანად გამოყენება და ქვეყნის მომარაგების სწორი გათვლა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული და ცნობილია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ძირითადი საკვები პროდუქტები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ესენია: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ყურძენი, ხორცი (მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის), რძე და რძის პროდუქტები და კვერცხი. სწორედ აღნიშნულ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებზე არსებული მონაცემების ანალიზი, შექმნილი ვითარება და პროგნოზები გვაძლევს საფუძველს ვუპასუხოთ შეკითხვებს აქვს თუ არა ქვეყანას პოტენციალი გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და უკვე უნდა ზრუნავდეს თუ არა კრიზისული გეგმის ამოქმედებაზე.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება შესაძლებელია შეფასდეს თვითუზრუნველყოფის ინდექსებით, რომელიც ზომავს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს ადგილობრივი წარმოებით. სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე ბუნებრივ რესურსებზე.
მაშინ, როდესაც საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი ყველაზე მაღალია - 30.23% (საქსტატი; სამომხმარებლო კალათა პროდუქტების კატეგორიების წონები 2022 წელი), საინტერესოა, შეუძლია თუ არა ადგილობრივ ეკონომიკას ძირითადი კვებითი ღირებულებების მქონე საკვები პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა, რამდენად და რა პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული ქვეყანა.
თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. დადებითი სავაჭრო ბალანსის შემთხვევაში (ექსპორტი>იმპორტზე), სხვა ცვლადების უცვლელობის პირობებში ადგილობრივი წარმოების ზრდა დადებითად მოქმედებს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე. ამ განლაგებაში მხოლოდ იმპორტის ზრდის |
|
შემთხვევაში მცირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და ეს გვხდის დამოკიდებულს სხვა ქვეყნებზე. რაც შეეხება ექსპორტს, რაც უფრო იზრდება იგი, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მნიშვნელობაც.
მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტების აღნიშნული სიიდან 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე მაღალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი145% ყურძენს აქვს, რომელიც ასევე ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ლოგიკურია, ჭარბი წარმოების პირობებში აღნიშნული პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა შესაძლებელია. აღნიშნულ ჩამონათვალში ბოლო ადგილი კი ხორბალს უჭირავს, რომლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წლის მონაცემებით 15%-ს არ აღემატება. თუ ამ მონაცემს ლოგიკურ ჯაჭვში მოვაქცევთ, სადაც ჯაჭვის რგოლებად განვიხილავთ: ნედლეულის მნიშვნელობას და გამოყენების სიხშირეს, ომის გავლენით შექმნილ ნეგატიურ მოლოდინებს, რუსეთისთვის, როგორც ამ ეტაპზე მთავარი იმპორტიორი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს და ჩვენი ქვეყნის შიგნით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სავარაუდოა, რომ პურის მკვეთრად გაძვირების ასარიდებლად შესაძლოა ახალი სავაჭრო პარტნიორის მოძებნა გახდეს საჭირო, რომელიც პროდუქტის დანაკლისს შეავსებს. |
საინტერესოა, რომ ეისითის მიერ 2021 წლის ჩატარებული კვლევის თანახმად თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს მოიხმარს. ამ პროდუქტებით დაკოპლექტებული სამომხმარებლო კალათა იმეორებს მაღალი კვებითი ღირებულების ჩამონათვალში არსებული პროდუქტებიდან უმეტესობას. ყველაზე საყურადღებო პურპროდუქტების მოხმარების სიხშირეა, მოქალაქეებისთვის ის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, ხოლო იმ ფონზე რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო შექმნილი ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ხორბლის მომავალს, მოსალოდნელია, რომ მოქალაქეებს ამ მთავარი მოხმარების პროდუქტის მოხმარების სიხშირის შეცვლა ან მეტი ფასის გადახდა მოუწევთ.
ასეთივე მდგომარეობაა ბოსტნეულზე, რომელიც სამომხმარებლო კალათაში მოხმარების სიხშირით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი აქაც არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, 2020 წლის კოეფიციენტი 63%-ია, და მარაგების მესამედი იმპორტიდან შემოსული პროდუქტით ივსება.
რუსეთ-უკრაინის ომმა განსაკუთრებით საყურადღებო გახადა ომში ჩართული ორი ქვეყნის, როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების როლი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფაში. მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სასურსათო პროდუქტებისთვის, ზემოთ მოყვანილ მონაცემებში, რუსეთი და უკრაინა როგორც იმპორტიორ, ასევე საექსპორტო დანიშნულების ტოპ ქვეყნებს შორის ხშირად მეორდება და საქართველოსთვის აქტიურ სავაჭრო პარტნიორებად გვევლინება. მაშინ როცა 2020 წელს კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკური აქტივობები მკვეთრად შემცირდა და ბიზნესები და საზოგადოება შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების წინაშე აღმოჩნდა, გასაკვირი არცაა, რომ საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნების შემადგენლობა მწირი იყო. 2021 წელს ბიზნესებმა უკვე შეძლეს ნელ-ნელა მორგებოდნენ პანდემიურ გარემოს, ეპასუხათ გამოწვევებისათვის და ეკონომიკურად გააქტიურებულიყვნენ წინა წელთან შედარებით. ამას მოწმობს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 10.4%-იანი ზრდა 2021 წელს საქართველოში (საქსტატი).
საქართველოსთვის ხორბლისა და სიმინდის ყველაზე მაღალწილიანი მომწოდებელი ჯერ კიდევ რუსეთია. 2021 წელს რუსეთიდან ხორბლის შემთხვევაში 94%-ით ვმარაგდებოდით, ხოლო სიმინდის შემთხვევაში 79%-ით.
უკრაინა კი, საქართველოს დიდწილად რძის პროდუქტებით (რძის ფხვნილი) ამარაგებს, აღნიშნული პროდუქტის იმპორტმა 2021 წელს უკრაინიდან და ბელორუსიიდან ჯამში 37% შეადგინა. უკრაინა კვერცხისა და ფრინველის ხორცის შემთხვევაში პროცენტულად მესამე, ხოლო ხორცის შემთხვევაში რიგით მეორე იმპორტიორია.
აქვე უნდა გავაანალიზოთ ორივე ქვეყნის მდგომარეობა და მათი, როგორც იმპორტიორი ქვეყნის პოტენციალი.
ამ ჭრილში რუსეთის შემთხვევაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყნისთვის დაწესებული მძიმე ეკონომიკური სანქციები, რომლის ეფექტი რუსეთში უკვე თვალსაჩინოა (საწარმოო ჯაჭვის რღვევა, პროდუქტების დეფიციტი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება), ამასთან, სწორედ დაწესებული სანქციებიდან ერთ-ერთი სხვა ქვეყნის ვალუტის მიმოქცევაში აკრძალვა ქმნის სავაჭრო ურთიერთობისას დაბრკოლებას, ისმის შეკითხვა რა ვალუტაში უნდა მოხდეს მიღებული პროდუქტის ანგარიშსწორება ჩვენი მხრიდან?
ეკონომიკურ საკითხებს მიღმა რჩება მორალური დილემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და აიძულებს მას უფრო აქტიურად იმოქმედოს იმპორტის ალტერნატიული ხაზების მოძიებაზე. აღნიშნული დილემა ცალსახაა - დასავლეთი თვლის, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს თანხის გადახდას რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის და მოუწოდებს სხვებსაც შეუერთდნენ სანქციებს და გათავისუფლდნენ რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულებისგან.
უკრაინის შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება საომარ ვითარებაში, ლოგიკურია, რომ ქვეყნიდან იმპორტის ჯაჭვი გამართულად ვერ იმუშავებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მოწოდებული ნედლეულის რაოდენობა ან შემცირდეს ან მასზე ფასი გაიზარდოს. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია სასურსათო კრიზისი. მისი თქმით „უკრაინა და რუსეთი საკვების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორები არიან, სადაც წარმოება ომის გამო შეფერხდა. 1-1,5 წელიწადში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკრაინელი ფერმერები ახალ მოსავალს ვერ თესავენ“. მნიშნელოვანია ასევე თავად უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის რომან ლეშენკოს განცხადება, რომლის მიხედვითაც ომის გამო 2022 წლის საგაზაფხულო მოსავლის თესვის ფართობი შეიძლება განახევრდეს.
გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში (ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, რუსეთის swift-ის სისტემიდან გამორიცხვა და სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გახანგრძლივებული ომის მდგომარეობა) საქართველოში 2022 წელს, მოსალოდნელია იმპორტის დაახლოებით 504 მლნ. აშშ დოლარით შემცირება, რეალური მშპ-ის კლება (-1%) და ინფლაციის ზრდა საბაზისო 4.9%-დან 9%-მდე.
განსხვავებული მასშტაბის, თუმცა იდენტური კონტექსტის გამოწვევა ექმნება საქართველოს ექსპორტის მიმართულებით. მაგალითისთვის, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ყურძენი და ყურძნის პროდუქტები (მათ შორის ღვინო). აღნიშნული პროდუქტების ჯამური ექსპორტი ყოველწლიურად დიდი ნიშნულით (დაახლოებით 60%-მდე ფარგლებში) ხორციელდება რუსეთში, ამასთანავე სტაბილურად მაღალია უკრაინისა და ჩინეთის წილები (საშუალოდ 10%-ისა და 8%-ის ფარგლებში, შესაბამისად). მნიშვნელოვანია, რომ ყურძნისა და ყურძნის პროდუქტების ექსპორტში ჯამურად სხვა ქვეყნების წილი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება (2018 წელს 21%-დან 2021 წელს 28%-მდე). არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ყურძნის პროდუქტების ექსპორტის ბაზრების მეტად დივერსიფიცირებაზე მუშაობა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან უფრო აქტიურ ვაჭრობაზე გადასვლა.
მაღალია ბოსტნეულის ექსპორტის მაჩვენებელი, კარტოფილის გარდა ქვეყნიდან გაყიდული ბოსტნეულის პირველი ექსპორტიორი სწორედ რუსეთია (64%), რუსეთში გადის ასევე კარტოფილი (85%) და სიმინდი (39%)
ექსპორტის შემთხვევაში გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში (ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, რუსეთის swift-ის სისტემიდან გამორიცხვა და სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გახანგრძლივებული ომის მდგომარეობა) საქართველოში მოსალოდნელია ექსპორტის დაახლოებით 462 მლნ. აშშ. დოლარით შემცირება 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით;, ამავე დროს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საბაზისო 7.9%-დან 10.9%-მდე ზრდა. მათივე შეფასებით, მთლიანი საგარეო ნაკადები ჯამურად (ექსპორტი, გადარიცხვები, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები/FDI) რუსეთიდან და უკრაინიდან 2021 წელს საქართველოს მშპ-ის 9.6%-ს შეადგენდა. ამ ნაკადების ანალიზით, ძირითადი უარყოფითი გავლენა მოსალოდნელია ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ქვეყანაში ფულადი გადარიცხვების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსეთის წილი ბოლო წლებში, ხოლო რუსეთისა და უკრაინის წილი საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში (FDI) საშუალოდ წლიურად დაბალ მაჩვენებელზეა.
ფაქტია, რომ ამ მოცემულობით იმ შემთხვევაშიც კი თუ იმპორტდამოკიდებული პროდუქტების მოწოდება არ შემცირდება, მასზე ფასი აუცილებლად გაიზრდება, რადგანაც ალტერნატიული ჯაჭვის აწყობა უფრო ძვირია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის აუცილებელი კალათა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი საკვები ღირებულების პროდუქტებით, როგორღაც შენარჩუნდეს.
აღნიშნული სურათი ცხადყოფს, რომ ძირითადი აგრო სასურსათო პროდუქტების როგორიცაა ხორბალი და ფრინველის ხორცი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 50%-ზე დაბალია და ეს საქართველოსთვის მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მთავარი გამოწვევაა. დინამიკაში დაკვირვება გვიჩვენებს, რომ პრე-პანდემიურ თუ პანდემიურ გარემოში, უმეტესი პროდუქტებისათვის აღნიშნული კოეფიციენტი ერთი ნიშნულის გარშემო ნარჩუნდება.
არჩევანი ჩვენზეა - ვიქნებით ოპტიმისტები და ვივარაუდებთ, რომ 2022 წლის სასურსათო უსაფრთხოებისა და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მინიმუმ იგივე ნიშნულზე შენარჩუნდება და მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა მათთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიური სამომხმარებლო კალათის დაკომპლექტებისას, პროდუქტის დეფიციტის ან მისი მაღალი ფასის გამო, თუ ვიქნებით რეალისტები და აქედანვე დავიწყებთ რისკების გადაზღვევას.
დოკუმენტის გადმოწერა
მასალა მომზადებულია "ეისითის" ეკონომისტთა გუნდის მიერ:
|
|
|
22 დღეა უკრაინა იცავს თავის მიწას და თავისუფლებას, დანარჩენი მსოფლიო კი, ვირტუალურად ჩართულია ომში. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გააქტიურებამ უკრაინაში მიმდინარე ომის სიცხადე დედამიწის ყველა წერტილში მიიტანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ომს უკვე ჰყავს სასურველი გამარჯვებული მსოფლიოში და ეს უკრაინაა.
მსოფლიო მკაფიო და რადიკალურია თავის ქმედებებში, ომის დაწყების დღიდან რუსეთს უპრეცედენტოთ მაღალი რანგის და დიდი რაოდენობის სანქციები დაუწესდა და პროცესი არ ჩერდება.
ამან შექმნა მოლოდინი, რომ სანქციებს უნდა ჰქონდეს სწრაფი და დამანგრეველი ეფექტი და ომი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუმცა რეალობა სხვაგვარია - სანქციები ნამდვილად დამანგრეველია რუსეთისთვის, მაგრამ ომი არ მთავრდება.
ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქციების მიზანი ორგვარია - მოკლევადიან პერსპექტივაში ის ემსახურება რუსეთის ეკონომიკურ შოკირებას და მიმართულია დისკომფორტის შექმნით რუსეთის მოქალაქეების გამოფხიზლებაზე, რომლებმაც თავის მხრივ უნდა აიძულონ თავიანთი ხელისუფლება დაიხიოს უკან.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, სანქციების დაწესების მიზანია რუსეთის ეკონომიკის მწყობრიდან ისე გამოყვანა, რომ მან კიდევ დიდხანს ვეღარ შეძლოს წონასწორობის აღდგენა, რაც მის მთავარ პრიორიტეტს - სამხედრო გაძლიერებას შეასუსტებს და საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიციებს მოკლავს.
როგორ ითარგმნა რეალობაში ორივე ეს მიზანი შედეგის ენაზე - რუსეთის ეკონომიკა ამ ეტაპზე ტექნიკური დეფოლტის წინაშეა, ფიტჩის პროგნოზით (www.fitchratings.com) რუსეთის დეფოლტის რისკი წელს 71%. დეფოლტი ტექნიკურია, რადგანაც რუსეთი ვერ შეძლებს ოპერატიულად დაფაროს საგარეო ვალდებულებები, მიზეზი კი არა ფინანსების ნაკლებობა (ამ ეტაპზე), არამედ არსებული ფინანსების ვერ განკარგვაა, რადგანაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანგარიშები გაყინულია.
სარეზერვო ფონდის 175 მილიარდს რუსეთი უსაფრთხოების ბალიშად განიხილავდა. თუმცა ფონდში დაცული თანხის ნაწილი სწორედ იმ ქვეყნების ობლიგაციებშია, რომელმაც სანქციები დაუწესა რუსეთს, შესაბამისად, მათი გამოყენება ვერ მოხდება, მეორე ნაწილი ოქროშია, თუმცა მისი მყიდველის პოვნა დღევანდელ ბაზარზე, რუსეთის არსებული იმიჯით, თითქმის წარმოუდგენელია.
რუსეთი ცდილობს ქვეყნის შიგნით მაინც შეინარჩუნოს ოპტიმიზმის ნაპერწკალი და ფინანსთა სამინისტროს „გონებამახვილურ გეგმაზე“ ალაპარაკდა, რომლის თანახმადაც შეიქმნება გარკვეული ანგარიშები, სადაც განთავსდება ვალისთვის საჭირო ოდენობის თანხა რუბლში, ხოლო „მევალეებს“ რუსეთი ეტყვის, რომ „თანხა ანგარიშებზე დევს, უბრალოს ის მათ ეროვნულ ვალუტაშია (რომელიც რეალურად აღარავის სჭირდება), თუ მიღება სხვა ვალუტაში სურთ, მაშინ მოახდინონ უცხოური ვალუტის ანგარიშების განბლოკვა“.
ამ გეგმის სწამთ რუსეთში იმპერიალისტური კარის ექსპერტებს, თუმცა დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები უკვე ხვდებიან, რომ მსგავსი ხრიკებით ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისგან ვერავინ გადაარჩენს. მათი შეფასებით ეკონომიკის დაცემა გარდაუვალია და რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებელი დაუბრუნდება 90-იანი წლების დასაწყისს.
სანქციებმა უკვე მოიტანა რუსეთში მოკლევადიანი შედეგები - საწარმოო ჯაჭვები გაწყვეტილია, მწარმოებლები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სხვა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტებზე ჩერდებიან ან სასწრაფოდ ეძებენ ალტერნატიულ მომწოდებლებს. ჯაჭვის თავიდან აწყობას სჭირდება დრო, თუმცა ექსპერტთა შეფასებით სანქციები აქაც იმოქმედებს, რადგანაც თუ რუსეთს ჰქონდა საშუალება რამდენიმე შეთავაზებიდან ყველაზე მომგებიანი აერჩია, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით აიღებს იმას, რასაც იშოვის, ეს კი იქნება უფრო ძვირი. ამასთან, ყოველი დაგვიანებული ან ვერ აწყობილი ჯაჭვი გამოიწვევს წარმოების შემცირებას და უმუშევრობას ქვეყანაში.
რუსეთისთვის კიდევ უფრო უიმედოა გრძელვადიანი პერსპექტივა. ომის დასრულების შემდეგაც რუსეთში ვარაუდობენ, რომ ქვეყანას სანქციებს მალე არ მოუხსნიან, თუმცა მოხსნის შემთხვევაშიც ყველა ფინანსური ოპერაციის დაგეგმვისას აღნიშნული რისკები გათვალისწინებული იქნება, ეს კი, ნებისმიერი მსხვილი ინვესტიციის თუ პარტნიორობის შემაფერხებელი გახდება.
სანქციების შედეგად რუსეთში ეკონომიკური საქმიანობა იქნება ძვირი, ხოლო ადამიანები უფრო ღარიბი. რა თქმა უნდა მსგავსი პერსპექტივა არ არის მომხიბვლელი მათთვის, ვინც უკვე განჭვრეტს სანქციების ეფექტს.
სწორედ ამიტომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა ოპერატიულად ემოქმედა და ქვეყანა დაეტოვებინა, ამით: 1. გაქცეოდა სიღარიბეს 2. გადაერჩინა თავისი ფინანსური მდგომარეობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით ბოლო ორი კვირის მონაცემებით საქართველოში რუსეთის 25 000-მდე მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 3000 ჯერ ისევ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.
ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმის (ss,ge) დამფუძნებელმა ლევან კილაძემ წარმოადგინა მონაცემები, რომლის მიხედვითაც „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად იმატა ვებ.გვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ რუსეთიდან“. ამასთან, საჯარო რეესტრში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი კომპანია, რომლის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.
ისმის შეკითხვა რატომ მოუნდათ რუსეთის მოქალაქეებს ეკონომიკური პარკინგისთვის იმ ქვეყნის გამოყენება, რომელთანაც მრავალწლიანი კონფლიქტი აკავშირებთ, მისი ტერიტორიის 20% კი ოკუპირებული აქვთ. ხომ არ შეიქმნა ჩვენი „სანქციებთან არ შეერთებით“ და რუსეთის მიერ გამოქვეყნებული „არამეგობრული სიის“ (რომელშიც საქართველო არ აღმოჩნდა) გავლენით მოლოდინი, რომ საქართველო არის რუსი „გადამფრენი ჩიტების“ მყუდრო ნავსაყუდელი.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა გვაქვს მონაცემი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში ყოველი 10 მოსახლიდან 7 ვარაუდობს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა ნაკადის ზრდას.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად მოსახლეობას რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების საქართველოში საცხოვრებლად დარჩენის პერსპექტივა აშფოთებს. საერთო ჯამში კი, მოსახლეობის 70% რუსეთის მოქალაქეებისთვის მინიმუმ ერთი ან რამდენიმე შეზღუდვის დაწესების მომხრეა.
ქვეყანაში შექმნილი ეს განწყობა არ არის შემთხვევითი, რუსეთის ქმედებები აიძულებს ყველა ცივილურ ქვეყანას, რომლისთვისაც საშიშია რუსეთის სტრატეგია - ფეხდაფეხ მიყვეს თავის გადასახლებულ მოქალაქეს და იმ ტერიტორიის „გათავისუფლება“ დაიწყოს. ამ ფონზე სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება იჩენს სიფრთხილეს და ერთი მხრივ უსაფრთხოებისთვის, ხოლო მეორე მხრივ აგრესორთან კოლაბორაციის თავიდან აცილების მიზნით, აწესებს შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.
„ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან“, – განაცხადა ბელგიის მიგრაციის მინისტრმა სამი მჰადიმ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით და მოუწოდა ევროკავშირს იგივე გააკეთოს.
მოგვიანებით ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ესტონეთმა და ლიტვამაც შეაჩერეს ტურისტული ვიზების გაცემა და გამონაკლისის სახით მხოლოდ იმ პირებზე დაუშვეს, რომლებიც ნათესავთან მიემგზავრებიან ან მკურნალობა სურთ.
საქართველოს მოსახლეობა თანხმდება, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეფექტურია, ეისითის გამოკითხვის თანახმად აღნიშნულ სანქციებს მოქალაქეების 70% ძალიან ან გარკვეულწილად ქმედითად მიიჩნევს.
სანქციების ეფექტურობის რწმენით და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, მოსახლეობის დაკვეთა დამცავი მექანიზმების ამუშავებაა, განსაკუთრებით ქონების უფლებაზე მეტი კონტროლი და რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადის მეტი ფილტრაცია. საერთაშორისო დაკვეთა კი სანქციების გაზიარებაა, რომელიც შესაძლოა იქცეს მკაფიო სიგნალად ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობის კართან დგას.
მათ კი, ვისაც სანქციების ეფექტურობის სჯერათ, ჩინური ანდაზისაც სწამთ, თუ მდინარის პირას ჩამოჯდები ოდესღაც ის აუცილებლად ჩამოატარებს შენი მტრის გვამს, შეგახსენებთ ეისითის გამოკითხვით დგინდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 84%-მა იცის ვისაც ელოდება ამ მდინარესთან.
ჰაერი დიდი ხნით ადრე გაიჟღინთა დენთის სუნით და მთელი მსოფლიო დაძაბული ელოდა, რა მოხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, 24 თებერვლის დილა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა - რუსი სამხედროები უკრაინაში შეიჭრნენ და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს. არ გამართლდა იმედის ბოლო წვეთი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა „ველიკოძერჟავულ“ ამბიციებზე. სპეცოპერაციად მონათლული უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“, სინამდვილეში კი, დაუნდობელი და აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
ომი უკრაინაში აინტერესებთ და აღელვებთ საქართველოშიც, სადაც არ წყდება უკრაინის მხარდამჭერი აქციები, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება და სოლიდარობის სხვადასხვა აქტი. ერთი მხრივ, ერთ ბედს ქვეშ ყოფნის და საერთო საფრთხეების აღქმამ, მეორე მხრივ კი, უკრაინელების მიერ გამოვლენილმა არნახულმა საბრძოლო სულმა და ცალკეული ადამიანების გმირობამ ეს ომი რიგითი ქართველებისთვისაც კი ძალიან ახლოს მოიტანა და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.
ყველასათვის აქტუალურ თემას გვერდი არც „ეისითიმ“ აუარა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხა. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ. სატელეფონო კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-6 მარტს და მან 809 რესპონდენტი მოიცვა. შერჩევის ცდომილებამ 4.2 % შეადგინა.
ჩვენ მივეჩვიეთ ქვეყნის შიდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების მუდმივ პოლარიზაციას, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის თემამ ქართველების ერთსულოვანი და მკაფიო პოზიცია გამოავლინა. რუსეთ-უკრაინის ომზე კონსენსუსი ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს, არცერთ სხვა საკითხზე.
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 84% პირდაპირ ამბობს, რომ „რუსეთი მტერია“. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება. რუსეთის აღქმა სრულიად ერთგვაროვანია და მისი ბუნების შესახებ კითხვებს არ ტოვებს, შესაბამისად მოფიქრალი ადამიანების დიდი რაოდენობა კი გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დგას და სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (91%) არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია. ეს ნიშნავს, რომ პოზიცია მკაფიო და ერთიანია იმის მიმართაც, თუ ვის მხარეს არის სიმართლე.
კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).
3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).
10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას - 1%-ს.
|
კვლევის მონაცემი ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი მოსახლეობისთვის აქტუალური და მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა გამოკითხული მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება (96%). კვლევის მიხედვით შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რესპონდენტები გულისხმობდნენ ქვეყანაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, თუ სხვა ტიპის გავლენას, თუმცა ფაქტია, რომ მათთვის ეს ომი არ მიდის სადღაც სხვაგან და განყენებულად.
უფრო კონკრეტული დებულებების სახით დასმულმა კითხვებმა, რომლებზე თანხმობით ან არდათანხმებითაც გამოკითხულები თავიანთ აზრს გამოხატავდნენ, უჩვენა, რომ:
გამოკითხულების ნახევარი (51%) რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის ნებისმიერ შემთხვევაში. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში“. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქვეყანას ტანკებით მოადგეს
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა დაძაბული ადევნებს თვალს და უკრაინის გამარჯვებას ელის. რამდენად ტრანსფორმირდება მოსახლეობის განწყობები ქმედებებსა და დამოკიდებულებებში - დრო გვიჩვენებს, ქვეყნის სახელით გადაწყვეტილების მიმღებთათვის კი მესიჯები სრულიად მკაფიო და არაორაზროვანია.
„მართე მიზეზი და არა შედეგი (Manage the cause, notthe result)“ – ეს ფრაზა ეკუთვნის ერთიანი ხარისხის მენეჯმენტის (Total Quality Management) ფუძემდებელს ვილიამ ედვარდს დემინგს (William Edwards Deming). ერთიანი ხარისხის მენეჯმენტი არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს მთელი ორგანიზაციის მასშტაბით თანამშრომლებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლებს საშუალება აქვთ, უწყვეტად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებისამებრ შექმნან ღირებული პროდუქტები და სერვისები. ეს ფრაზა ლაკონიურია და მარტივად ჟღერს, მაგრამ რადიკალურად ცვლის დღეს გამეფებული ქცევის პარადიგმას.
თითქმის ყველა ორგანიზაციაში ვხვდებით მენეჯერს, რომლსაც არ უყვარს პრობლემების მოსმენა, და ის თანამშრომელი, რომელიც პრობლემის შესახებ საუბრობს – გარიყულია. მენეჯერის ასეთი ქცევა სხვებისთვის ნიშანია, რომ პრობლემებზე საუბარი მიღებული არ არის. შესაბამისად, ყველა თანამშრომელი ცდილობს, ნებისმიერი საკითხი პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინოს და როდესაც დაშვებული შეცდომის ან შეუსრულებელი პროექტის გამო პრობლემა წარმოიშვება, მენეჯერი (ხელმძღვანელი) თანამშრომელს საყვედურობს, ხელფასიდან ნაწილს უკავებს ან საერთოდ სამსახურიდან ათავისუფლებს. ეს ყველაფერი დამდგარი შედეგის მართვის და მასთან ბრძოლის ძალიან კარგი მაგალითებია. ზოგიერთ ორგანიზაციაში ეს ქცევა ისეთი წახალისებულია, რომ საყვედურის გამოცხადება და სანქციის დაწესება “კარგ მენეჯერობად” ითვლება. ასეთი ქცევა ხელს უშლის რეალური მიზეზის დადგენას, პრობლემა არ მოგვარდება და შეცდომა აუცილებლად განმეორდება.
არსებული პარადიგმის ცვლილება იწყება მაშინ, როდესაც მთავარი სამიზნე ხდება პროცესი და არა თანამშრომლის ბრალეულობის შეფასება. ორგანიზაციაში არსებული პროცესები არის იმ მიზეზების საბადო, რომლებიც თანამშრომლებს უტოვებს სივრცეს, დაუშვან შეცდომები და არაეფექტიანად შეასრულონ სამუშაო. ორგანიზაციაში არსებული ყველა პროცესი უნდა ემსახურებოდეს მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას ან შეცდომის დაშვების შესაძლებლობის შემცირებას. ნებისმიერი პროცესი ან პროცესის ნაწილი, რომელიც ამ ორი მიზნიდან ერთ-ერთს არ ემსახურება, არის დანაკარგი. პროცესში დაგროვებული დანაკარგები ამცირებს კომპანიის ეფექტიანობას და ხელს უშლის მას მიზნების მიღწევაში.
პროცესებში არსებული დანაკარგების საპოვნელად და მათ მოსაგვარებლად აუცილებელია ამ პროცესში ჩართული თანამშრომლების აზრის მოსმენა, რადგან ისინი არიან იმ ღირებული ინფორმაციის მატარებლები, რომელიც გვჭირდება ზუსტი მიზეზების დადგენისთვის. მაგრამ თუ თანამშრომელს აქვს „სასჯელის შიში“, მაშინ ის ცდილობს, რაც შეიძლება მცირე ინფორმაცია გააზიაროს, იმიტომ რომ ნებისმიერი სიტყვა შეიძლება მის „სასჯელს“ ამძიმებდეს. ამიტომ პირველი რიგის ამოცანაა, რომ თანამშრომლებს უსაფრთხოების განცდა ჰქონდეთ. ამისთვის ვაცხადებთ, რომ პროცესში არსებულ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე საუბრის გამო არ დაისჯებიან და არ გაირიყებიან. თითოეული თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მას ბოლომდე მოუსმენენ და აზრის გამოხატვას არ შეუზღუდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გადაიზარდოს ნიშნის მოგებით საუბარსა და წუწუნში, თითოეული ნაკლის და ხარვეზის დასაბუთება ხდებოდეს ფაქტებზე დაყრდნობით.
განხილვის დროს მნიშვნელოვანია პროცესის და მასში არსებული ნაბიჯების დეპერსონალიზაცია. ეს მიდგომა თანამშრომლებს უმარტივებს ნებისმიერ ქმედებაზე საუბარს და როდესაც რომელიმე თანამშრომელი კონკრეტულ ქმედებას ან პროცესის ნაწილს დაარქმევს დანაკარგს, ეს არ იწვევს უხერხულობის განცდას და ხშირ შემთხვევაში კონფლიქტურ სიტუაციას. მნიშვნელოვანია, ყველა შეთანხმდეს იმაზე, რომ თუ პროცესში არსებული კონკრეტული ქმედება დაწუნებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქმედების შემსრულებელი თანამშრომელი არის ცუდი.
როგორც წესი, პროცესების განხილვა და მათზე საუბარი ხდება შეხვედრების ან მენეჯერის ოთახში. ასეთ დროს თანამშრომლები ხშირად კამათობენ პროცესის დინებაზე. უსაგნო და არაფრის მომტანი კამათის ნაცვლად უმჯობესია, ყველა ერთად დააკვირდეს პროცესს და შეთანხმდნენ, რომ პროცესი არის ისეთი, როგორსაც ყველა ხედავს. ეს ქცევა ოთახში გამოკეტილ მენეჯერსაც ეხმარება დაინახოს და შეიგრძნოს, თუ რასთან უწევთ თანამშრომლებს გამკლავება. პროცესის „დათვალიერების“ დროს მენეჯერის დასმული შეკითხვები არ უნდა მოასწავებდეს საფრთხეს, არამედ მიანიშნებდეს დახმარების და თანადგომის სურვილზე. მიღებული პასუხისებისთვის და დათმობილი დროისთვის მენეჯერის მხრიდან თანამშრომლებისადმი გამოხატული გულწრფელი მადლიერება ზრდის ნდობას პროცესის მიმართ.
როდესაც ყველა შეთანხმდება პროცესზე და მასში არსებულ დანაკარგებზე, შემდეგ დგება ცვლილების საჭიროება. აუცილებელია თანამშრომლების ჩართულობა ცვლილებების დაგეგმვაშიც, რადგან როდესაც მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ცვლილებაში, ისინი მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ პროცესის მიმართ და როდესაც პროცესი კარგად მუშაობს, ამაყებიც არიან. ცვლილებების შიში ყველა ადამიანს ახასიათებს და ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაზე ხშირია სიტყვები „არ გამოვა“, „არ იმუშავებს“. ამ დამოკიდებულების გასაქარწყლებლად მნიშვნელოვანია, პროცესის ცვლილებაში მონაწილე თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ყველა ერთ ნავში ზის, წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც ყველა ერთად არის პასუხისმგებელი. წაახალისეთ აზროვნების ხაზი, სადაც ისმის შეკითხვები: „როგორ გამოვა?“, „რა არის საჭირო, რომ გამოვიდეს?“, „რა ღირს, რომ გამოვიდეს?“, „ჯერ ვცადოთ და შემდეგ ვთქვათ, რომ არ გამოვა“.
პროცესში შესატანი ცვლილებების კიდევ ერთი დიდი მტერი და დანაკარგების საბადო არის პროცესების და მასში არსებული ქმედებების მემკვიდრეობითობა. ხშირად ვხვდებით ისეთ ქმედებებს, რომელთაც თანამშრომლები გაუაზრებლად ასრულებენ. ასეთი ქცევა დამახასიათებელია ისეთი ორგანიზაციებისთვის, სადაც არ არის წახალისებული „რატომ?“ შეკითხვის დასმა. ორგანიზაციის მიზანია, რომ ყველა თანამშრომელი მოწოდებული იყოს და ბედავდეს კონსტრუქციული „რატომ?“ შეკითხვის დასმას. ამ შეკითხვის სწორად დასმა და შეყვარება ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ყველა უჯრედი უწყვეტად აკვირდება და პოულობს დანაკარგებს, და ფიქრობს მათ გამოსწორებაზე. პროცესში დანაკარგების პოვნის და მათი გაუმჯობესების უწყვეტი პროცესის ზოგადი დიაგრამა ასეთია:
პროცესებში შესატანი ცვლილებების უწყვეტ გზაზე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ:
ჰერაკლიტემ თქვა: „არაფერია ისეთი მუდმივი, როგორიც ცვლილება“. დღეს ეს სიტყვები იმაზე აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ცვლილებები მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალი.
აღმასრულებელი რგოლის მხარდაჭერით, პროცესის გაუმჯობესებაზე თანამშრომლების გაერთიანებული ძალისხმევა არის კომპანიის ამოცანების წარმატებით შესრულების გასაღები. კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ეისითიმ“ აღნიშნული კონცეფცია ჯერ საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ კი უნიკალურ ტრანსფორმაციულ და მართვის მოდელ PWR3-ად აქცია, რომელსაც დღეს კლიენტებსაც სთავაზობს. 2021 წელს კომპანიაში დიდი ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო, სადაც სწორედ სამი მთავარი ძალა – მენეჯერები და მათი ხედვები, ადამიანები და ორგანიზაციული კულტურა და გამართული პროცესები ერთმანეთთან მუშაობენ და საერთო მექანიზმს ამუშავებენ. ყველასთვის ნათელია, რომ აზროვნების ამ სქემაზე გადაწყობა და ტრანსფორმაციის პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ყველა შეთანხმებულია, რომ წინსვლისა და დიდი მიღწევებისთვის ცვლილებებია საჭირო.
თუ თქვენი შედეგი არის იგივე, რაც იყო შარშან და უკეთესი გსურთ, გთავაზობთ შეაფასოთ – რამდენად აქტუალურია ჰერაკლიტეს ეს მოსაზრება დღეს, ახალ ნორმაში.
„Culture is not just one aspect of the game – It is the game. In the end, an organization is nothing more than the collective capacity of its people to create value.“
Lou Gerstner, Jr. – IBM
ხშირად გვესმის, რომ დღევანდელ სამყაროში ტრანსფორმაცია არჩევანი არ არის, ის ახალი ნორმაა და გვინდა თუ არ გვინდა, მის გარეშე კომპანიები უბრალოდ ვერ გადარჩებიან. მაგრამ როდისაა შესაძლებელი ორგანიზაციის რეალური ტრანსფორმაცია? საკმარისია თუ არა, დავინახოთ და განვჭვრიტოთ ინდუსტრიის მომავალი და შევიმუშაოთ კომპანიის ახალი ხედვა ახალი რეალობის საპასუხოდ? ცხადია, სწორი ხედვის გარეშე ნაბიჯის გადადგმა ტყეში ბრმად სიარულს ჰგავს, მაგრამ ხედვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია იმის გააზრებაც, რამდენად სათანადოდ აღჭურვილები ვართ; ჩვენი ღირებულებები, კომპეტენციები, უნარები, სისტემები თუ სხვა რესურსები რამდენად გვეხმარება იმაში, რომ გზა მომავლის კომპანიამდე მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე და შემოქმედებითად გავიაროთ.
ალბათ ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რეალური ტრანსფორმაცია საკუთარი თავიდან იწყება. კომპანიის მმართველი რგოლის მიერ საკუთარი ლიდერული თვისებების, ღირებულებების, შემზღუდველი რწმენებისა და ფიქრების გაცნობიერებითა და გაანალიზებით, კომპანიის ახალ ხედვაში საკუთარი როლისა და მნიშვნელოვნების შეგრძნებით იწყება ის შინაგანი ძვრები, ცვლილებების გზაზე პირველ ნაბიჯებს რომ გვადგმევინებს.
ტრანსფორმაციის პროცესის მთავარი კითხვები ასე ჟღერს – სად ვარ დღეს და სად მინდა, რომ ვიყო? რა მიშლის ხელს იმაში, რომ მივიდე იქ, სადაც მინდა, რომ მივიდე? რა დამეხმარება იმაში, რომ ეს გზა ნაკლები დანაკარგებით და ეკოლოგიურად გავიარო? როგორია ჩემი ლიდერული თვისებები და უნარები, ჩემი ლიდერული ენერგია? რომელ როლში შემიძლია, ის საუკეთესოდ გამოვავლინო?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და თუ კომპანიამ არ შექმნა ის ველი, სადაც შინაგანი ძიების პროცესი წახალისებულია, მაშინ პასუხებიც ზედაპირული იქნება. ამ ველის შექმნა ტრანსფორმაციული ორგანიზაციული კულტურის საძირკველია და ასეთ საძირკველზე შენდება ისეთი კულტურა, რომელსაც შეუძლია, იყოს ცოცხალი, თავად შექმნას და მოირგოს სისტემა, რომელიც ცალკეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციის გზით კომპანიის ხედვის რეალიზაციას უწყობს ხელს. ასეთ კულტურაში წამყვანია ღირებულებები და მათ გაგებაში თანხვდენილობა არსებობს. ეს ყველაფერი კი ყოველდღიურ საქმიანობაში საერთო თამაშის წესების ენაზე ითარგმნება, რაც საუკეთესო შედეგების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
დღევანდელ აჩქარებულ და მოულოდნელობებით სავსე სამყაროში კიდევ უფრო აქტუალურია კომპანიებში იმ სტრუქტურებისა და პოზიციების გადახედვა, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდნენ, მაგრამ დღეს მოქნილობა დაკარგეს, ადეკვატურად ვეღარ რეაგირებენ გარემოდან წამოსულ გამოწვევებზე. დღეს ერთსა და იმავე პოზიციაზე, ერთსა და იმავე კომპანიაში სხვადასხვა კომპეტენცია და უნარები შეიძლება იყოს პრიორიტეტული განსხვავებულ დროით მონაკვეთში და ისიც არასოდეს არის საკმარისი. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია პოზიციებთან ერთად როლების გააზრება, ინდივიდუალურ ლიდერშიფთან ერთად გუნდური ლიდერშიფის გაძლიერება, დეტალური ფუნქცია-მოვალეობების გაწერის ნაცვლად მოლოდინების დაახლოება, საუკეთესო შედეგების გაგების შემოტანა, გასაკეთებელი საქმეების პროექტებად შექმნა და პროექტებისთვის დამახასიათებელი წესებით მათი აღსრულება.
ძალიან ხშირად კომპანიებში, სადაც იერარქიული სისტემები მკვეთრად განსაზღვრულია, თანამშრომლები საკუთარი პოზიციების ტყვეობაში გრძნობენ თავს, ხშირად უჭირთ იმის დანახვა და აღიარება, რომ ორგანიზაციული ვერტიკალი უზღუდავთ მათ საკუთარი თავისა და ინტერესების სრულად გამოვლენის შესაძლებლობას, მაშინ როცა ვარსკვლავური შედეგები მოქნილი სისტემებითა და გუნდური მუშაობის პრინციპებით მიიღწევა. ასეთ იერარქიულ სისტემებში წესები თავსმოხვეულია და თანამშრომლებს არ ესმით მათი მნიშვნელობა, მისი დაცვა კი ენთუზიაზმის გარეშე, ძალდატანებით მიიღწევა ან სულაც იგნორირებულია, მაშინ როცა ჰორიზონტალური მოწყობა და გუნდური პრინციპები წესს აცოცხლებს, წესი და სისტემა გაიაზრება არა დამსჯელად, ხელის შემშლელად, არამედ ხელის შემწყობად იმისთვის, რომ ჩვენი საქმე საუკეთესოდ შევასრულოთ. სწორედ ასეთი ცვლილებები განიცადა „ეისითიმ“ ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე, შედეგად დღეს კომპანიაში ორგანიზაციული კულტურა ცოცხალი წესრიგის ნათელი მაგალითია.
გუნდური თამაში ტრანსფორმაციული ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი ითხოვს საკუთარი და გუნდის წევრების ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერებასა და პატივისცემას. წარმატებული გუნდური თამაში შეუძლებელია გახსნილობის, მარცხისა და წარმატების აღიარების, გაზიარებისა და თვითრეფლექსიის უნარის გარეშე. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როგორ ვისაუბროთ საერთო ენაზე ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი უნიკალურობა, როგორ დავაბალანსოთ ერთმანეთი და გადავაზღვიოთ საქმე, რომლის წარმატება ხშირად ბევრი ადამიანის კომპეტენციაზე, უნარზე, პასუხისმგებლობასა და შეთანხმებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. გუნდური ლიდერობა იმის გააზრებასაც გულისხმობს, რომ ადამიანის ნებისმიერი საუკეთესო თვისებაც კი შეიძლება, ბარიერად იქცეს, თუ ის სწორ ადგილას და შესაბამის როლში არაა, და რომ ყველა თვისება თანაბრად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული წარმატების მისაღწევად.
კომპანიები, სადაც თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება როგორც შედეგებს, ასევე გზას, რომლითაც ეს შედეგები მიიღწევა; კომპანიები, რომლებიც გარეთ და შიგნით თანაბრად ორიენტირებულები არიან, გაცილებით ბრწყინვალე შედეგებს აღწევენ, არიან ინოვატორები და მდგრადები გარედან წამოსული ქარტეხილების მიმართ.
„ეისითის“ უნიკალური მართვის მოდელი, რომელსაც „სამის ძალა“ (The power of three”) დავარქვით, მართვისა და ტრანსფორმაციის საჭიროების სამი მიმართულებით ერთდროულად დანახვისა და განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. რეალური ტრანსფორმაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გაქვს ნათელი ხედვა იმისა, თუ საით მიდიხარ, შესაბამისი ფასეულობები, რომლებიც ამ ხედვის რეალიზაციას სჭირდება და ამავე დროს შენი გულიდან მოდის, ამასთან მუშავდება ისეთი სისტემები და აღსრულების მექანიზმები, რომლებიც ამ ყველაფრის საუკეთესოდ განხორციელების საშუალებაა. სწორედ ასეთ მოდელში კულტურა კონგრუენტული და ორგანულია კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას.
კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ წამოიწყო ვიდეორუბრიკა #ახალინორმა, სადაც თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზეა საუბარი. მაგალითად, რატომ არის დღეს ცვლილებები გარდაუვალი და როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი თქვენთვის და კომპანიისთვის წარმატების გარანტიად? სულ რაღაც, ხუთი წუთის განმავლობაში, ამის შესახებ, ACT-ის ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე გესაუბრებათ.