ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ACT Global ოთხწლიან თანამშრომლობას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მონაცემების შეგროვება და ანალიზი ფინანსური განათლების დონის შესაფასებლად 10 ქვეყანაში, კერძოდ: სომხეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, საქართველოში, მოლდოვაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთსა და უკრაინაში.
ინიციატივის ფარგლებში, ACT Global თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ჩაატარებს გამოკითხვებს და მიღებული მონაცემები გახდება მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ფინანსური განათლების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას, დაეხმარება მთავრობებს პრობლემური სფეროების გამოვლენასა და პროგრესის მონიტორინგში, ასევე ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვაში, რათა მოქალაქეებმა და მცირე ბიზნესებმა უკეთ შეძლონ ფინანსურ პროდუქტებსა და რისკებში ორიენტირება.
ინიციატივა ხორციელდება OECD/INFE-ის ფინანსური განათლების ტექნიკური დახმარების პროექტის (2023–2027) ფარგლებში, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ცოდნის შექმნასა და გავრცელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მილიონობით ადამიანის ფინანსური განათლების გაძლიერებას.